
ჩემ შესახებ
ჩემზე ამბობენ, რომ ადვილად და სიამოვნებით შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში. ასეც არის, რადგან ვფიქრობ, რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, ადამიანებს უფრო აძლიერებს, კეთილებს და თავისუფლებს გვხდის. ჩემთვის ეს იგივეა რაც ფრენა. ფრენასთან დაკავშირებით ყოველთვის თოლია ჯონათან ლივინგსტონის მეტაფორა მახსენდება ხოლმე, რომელიც იმიტომ კი არ დაფრინავს, რომ ჭამოს, არამედ იმიტომ ჭამს, რომ იფრინოს.
მე თოლია ქეთი ჟვანია-ტაისონი ვარ და ადამიანებს ვეხმარები პიროვნულ განვითარებაში, ვარ პოზიტიური ფსიქოთერაპიის კონსულტანტი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, არაფორმალური განათლების ექსპერტი და კორპორატიული თიმბილდინგების სპეციალისტი. 28-წლიანი გამოცდილების შედეგად, განსხვავებული როლებისა და პროფესიების კოლექციონერობით, ჩემს პროფესიად იქცა ადამიანებს საკუთარ თავში დავანახო ის პოზიტივი, რასაც ადრე ვერ ხედავდნენ. ამ უნარს „ადამიანური შეხვედრების სამყარო“ დავარქვი.
სიძნელეებისა და გამოწვევების მიუხედავად, ძალიან საინტერესოა გზა, რამაც ჩემი პროფესია მაპოვნინა. ბავშვობიდან მორცხვი და მორიდებული ვიყავი, მეშინოდა მარცხის, წარუმატებლობის. ამიტომ მუდმივად ძიებაში, განვითარებასა და ტრანსფორმაციაში ვიყავი; ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვცდილობდი, ჩემში გამევითარებინა ისეთი უნარები, როგორიცაა ემოციური გონიერება, გუნდში მუშაობა, იდეების გენერირება, კრეატიულობა და ლიდერობა. ერთხელ მიქელანჯელოს ჰკითხეს, დავითი როგორ გამოძერწეო, მან კი უპასუხა - „რაც ზედმეტი ჰქონდა, ის ჩამოვათალე ქვასო“. ვფიქრობ, მეც ასე ზედმეტს ვათლი საკუთარ თავს. ამას წინ უძღვის ბევრი წელი, ბევრი მოგზაურობა, უამრავი თავგადასავალი, სხვადასხვა უნივერსიტეტი და ამერიკის კონტინენტზე ცხოვრებაც კი.
განვლილ გზაზე შევძელი საუკეთესო პარტნიორების შემოკრება ჩემ გარშემო, უამრავ კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობა, უთვალავი ადამიანის გაძლიერებაში წვლილის შეტანა. დღეს მაქვს ძლიერი შინაგანი რწმენა, რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, და მინდა, ამით ჩემი შვილიც ამაყობდეს, ამიტომ ჩემი საქმიანობა ჩემი ყველაზე ძლიერი მოტივატორია.
მჯერა, რომ ცხოვრებისეული სიძნელეებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად ყველა ადამინს შეუძლია ისწავლოს ფრენა.
