
დღევანდელი ჩემი წიგნების რუბრიკის თემა მშობლობას დაეთმობა
ხანდახან მეუბნებიან - ქეთი, როგორც პიროვნული განვითარების ტრენერი, ფსიქოკონსულტანტი, ქოუჩი - ალბათ არაჩვეულებრივი დედა ხარ და შეცდომებს არ უშვებ. გული ჩამივარდება ხოლმე ამ დროს. გაცილებით ადვილია იყო კარგი ქოუჩი, ტერენრი, ფსიქოკონსულტანტი, ვიდრე კარგი დედა.
ჩემი ოდესღაც პატარა გოგო დღეს 24 წლისაა - ჭკვიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც არა მარტო მიყვარს, პატივსაც ვცემ და ვამაყობ მისით. როდესაც უკან ვიყურები, რა და როგორ გავაკეთე როგორც დედამ, ვიცი, რომ უამრავ რამეს შევცვლიდი თავიდან რომ ვიწყებდე მშობლობის გზაზე სიარულს. ბევრი რამ შემეშალა! ბევრი რამ ვერ გავთვალე! ბევრი რამ არ ვიცოდი!
ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით ჩავუღრმავდი მშობლობის თემას, საკმაოდ ბევრი წიგნი წავიკითხე და გადავიკითხე. აქ რამდენიმე ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან წიგნს ვუწევ რეკომენდაციას. მე რომ ეს წიგნები თავის დროზე წამეკითხა, ალბათ დღეს არ ვიქნებოდი საკუთარ დედობაზე გულნაკლული. სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ არის ჯერ ქართულად ნათარგმნი, მე კი ამისი არც დრო და არც ნიჭი გამაჩნია, რომ წიგნები ვთარგმნო, თუმცა ნელ-ნელა მოკლე შინაარს მაინც შემოგთავაზებთ რომ მთავარი, ძირითადი იდეები ამოკრიფოთ. ვისაც ინგლისურად კითხვა შეგიძლიათ, წაიკითხეთ და მერე გაუზიარეთ თქვენს გარშემო სხვა ადამიანებს.
ხუთი სუპერ-სასარგებლო წიგნი მშობლებისთვის
1. მშვიდი მშობელი, ბედნიერი ბავშვი: როგორ შევწყვიტოთ ყვირილი და დავიწყოთ ახლო ურთიერთობების დამყარება
ავტორი: Laura Markham
ტვინის განვითარების უახლეს კვლევებსა და წლების მანძილზე მშობლებთან ჩატარებულ კლინიკურ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ფსიქოლოგი დრ. ლაურა მარხამი გვთავაზობს ერთის მხრივ ძალიან მარტივ, და ამავე დროს ეფექტურ მეთოდს. „თქვენს შვილთან ემოციური კავშირის გაბმა ქმნის რეალურ და მყარ ცვლილებებს ბავშვის ქცევაში.“ როცა ვახერხებთ ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის შექმნას, გვეუბნება ავტორი, აღარაა საჭირო მუქარა, ხვეწნა, ყვირილი, მოქრთამვა ან თუნდაც დასჯა.
ეს არაჩვეულებრივი გზამკვლევი დაგეხმარებათ, რომ როგორც მშობლებმა, უკეთ გაუგოთ საკუთარ ემოციებს და უკეთ შეძლოთ მათი კონტროლი. თუ ამას მოვახერხებთ, შევძლებთ ჯანსაღი საზღვრების დაწესებას, ემპათიას და მკაფიო, გასაგებ კომუნიკაციას, შედეგად კი საშუალებას მივცემთ ბავშვს ჩამოუყალიბდეს თვითდისციპლინა. წიგნში დეტალურად არის მოცემული კონკრეტული რჩევები და დატესტილი, ბავშვებზე მორგებული ფრაზები, რომელიც პატარების მშობლებს დაწყებითი კლასების ჩათვლით დაეხმარება.
თუ დაიღალეთ ბავშვთან „ჭიდაობით“, მისი ისტერიკებით, და სწორი „დასჯის მეთოდების“ ძებნით, წაიკითხეთ ეს წიგნი.
ლაურა მარხამი არის აგრეთვე პოპულარული ვებ-გვერდი AhaParenting.com ავტორი და შესაძლოა ეს საიტიც დაგეხმაროთ თქვენთვის საინტერესო რჩევების მოძიებაში.
2. რისკზე წასვლა: როგორ ცვლის გაბედულება ვიყოთ დაუცველები, იმას თუ როგორ ვცხოვრობთ, გვიყვარს, როგორი მშობლები ვართ და როგორი ლიდერები
ავტორი: Brené Brown
ყოველთვის, როცა ცვლილების წინაშე ვდგებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცვლილება დიდია თუ მცირე, ჩვენ რისკზე წასვლა გვიწევს. თავს დაუცველად ვგრძნობთ ჩვენთვის ახალ ტერიტორიაზე. ადამიანთა უმეტესობა ამ დროს ცდილობს შეებრძოლოს ამ არასასიამოვნო განცდას - ან თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ საერთოდ გაუჩნდა ასეთი ემოციები.
დრ. ბრენე ბრაუნი ამ წიგნში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს დამოკიდებულებას დაუცველობის, მოწყვლადობის მიმართ (მოდით აქვე ვთქვათ, რომ ეს სიტყვა „დაუცველობა“ ამ კონტექსტში ნიშნავს ადამიანის მზაობას - გაიხსნას, გააზიაროს თავისი ფიქრები, ემოციები, შიშები და ამ ფორმით გახდეს მოწყვლადი) და აბათილებს საზოგადოების უმეტესობაში მიღებულ მითს, რომ დაუცველობა სისუსტეს ნიშნავს. მას ძლიერი არგუმენტები მოჰყავს იმის დასასაბუთებლად, რომ „დაუცველობა“ სინამდვილეში სიძლიერეა და როცა თავს ვარიდებთ, არ ვაძლევთ თავს უფლებას ვიყოთ დაუცველები, ამით სინამდვილეში ნაპრალს ვაჩენთ ჩვენსა და იმ გამოცდილებას შორის, რომელიც აზრს სძენს ჩვენს ცხოვრებას.
ეს წიგნი, ჩემი აზრით, სავალდებულო საკითხავია ნებისმიერი ადამიანისათვის, მაგრამ განსაკუთრებით მშობლებისთვის. ძალიან ძლიერ კითხვას სვავს ბრაუნი „ხართ თუ არა თქვენ ისეთი ზრდასრული ადამიანი, რომელიც გინდათ თქვენი შვილის როლური მოდელი იყოს?“ ანუ, გინდათ რომ თქვენი შვილი თქვენ დაგემსგავსოთ და იგივე ცხოვრება განვლოს?
„აღზარდო ბავშვები, რომელთაც აქვთ ვაჟკაცობა იყვნენ გახსნილები და დაუცველები ნიშნავს უკან გადგეთ და უფლება მისცეთ მათ წაიქცნენ, გული ეტკინოთ, გამოსცადონ კონფლიქტი, ისწავლონ საკუთარი სათქმელის წყნარად და მშვიდად გამოთქმა და გააცნობიერონ, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მათ სურთ, შეიძლება დამარცხდნენ კიდევაც, მაგრამ მხოლოდ ასე ისწავლიან სტრესმედეგობას.
ბრენე ბრაუნის წიგნი არის 12 წლიანი სოციალური კვლევის კულმინაცია, სადაც ავტორმა მოიცვა ჩვენი ცხოვრების ისეთი ასპექტები, როგორიცაა ოჯახი, მშობლობა, ურთიერთობები, სამსახური. ეს არის მოპატიჟება ვიყოთ გაბედულები, გავიხსნათ და მივცეთ უფლება სხვებს დაგვინახონ ისეთები, როგორებიც ვართ, მაშინაც კი, როცა არ გვაქვს გარანტია, რომ მიგვიღებენ და გაგვიგებენ.
გირჩევთ ნახოთ და მოუსმინოთ ბრენე ბრაუნის გამოსვლას TED-ზე, რომელსაც 52, 300 მილიონი მნახველი ჰყავდა დღემდე.
3. როგორ გავზარდოთ წარმატებული ადამიანები: მარტივი გაკვეთილები რადიკალური შედეგებისათვის
ავტორი: Esther Wojcicki
ესტერ ვოიკიკი, ან როგორც მას მეგობრები და თაყვანისმცემლები უწოდებენ „ვოი“ სამი რამისთვისაა ცნობილი: ის მაღალი კლასების მასწავლებელი იყო და ათასობით მოზარდის ცხოვრება შეცვალა, მან სილიკონის ველის რამდენიმე ლეგენდა გამოზარდა, მათ შორის სტივ ჯობსი და გაზარდა სამი ქალიშვილი - სამივე ცნობილი და წარმატებული ადამიანი გახდა. რა საერთო აქვს ამ სამ მიღწევას? ინგლისურად კარგად ჟღერს ხოლმე აბრევიატურა (სიტყვების პირველი ასოებით შედგენილი სიტყვა) - ვოი იყენებდა TRICK-ს: Trust - ნდობა, Respect - პატივისცემა, Independence - დამოუკიდებლობა, Collaboration - თანამშრომლობა და Kindness - სიკეთე. მარტივი გაკვეთილები, მაგრამ შედეგები რადიკალური იყო.
ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა „კრუხივით დედააო“, ინგლისურენოვან კულტურებში ამას helicopter parenting ჰქვია (მშობელი, რომელიც ვერტმფრენივით სულ ზემოდან დასტრიალებს შვილს). ესტერ ვოიკიკი გვირჩევს, მშობლობის შფოთვა და ღელვა რომ შემოგიტევთ, ჩაისუნთქეთ და მოდუნდითო. ისე დაელაპარაკეთ პატარას, თითქოს დიდი იყოს. უფლება მიეცით მოზარდებს, თავად შეარჩიონ ის პროექტები, რომლებიც რეალურ ცხოვრებასთან და მათ საკუთარ ინტერესებთან არის კავშირში და მიეცით საშუალება თავად მოიფიქრონ როგორ და რანაირად განახორციელონ ეს პროექტები. და რაც მთავარია, მიეცით თქვენს შვილს უფლება ილიდეროს, თუ გინდათ, რომ მას ეს თვისება განუვითარდეს და გაიზარდოს როგორც თვითკმარი, დამოუკიდებელი ადამიანი.
4. თქვენი მშფოთავი შვილის დახმარება: ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო მშობლებისათვის
ავტორები: Ronald M. Rapee, Ann Wignall, Susan Spence, Vanessa Cobham, Heidi Lyneham
ბავშვების უმეტესობას ეშინია სიბნელის, ზოგს ლოგინის ქვეშ დამალული მონსტრების. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ბავშვების დაახლოებით ათ პროცენტს გადამეტებული შიში და ღელვა აქვს - ფობიების, განშორების შფოთვა, პანიკური შეტევები, სოციალური შფოთვა (ადამიანების გარემოცვაში ყოფნისას დაძაბულობა) ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - რაც იწვევს მათი განვითარების შეფერხებას და არ აძლევთ ბავშვობით ტკბობის საშუალებას. თუ თქვენი შვილი რომელიმე ზემოთ მოყვანილ შფოთვას განიცდის, ამ წიგნში მოყვანილი პროგრამა, რომელიც პრაქტიკულია და უახლოეს მეცნიერულ კვლევებზეა დაფუძნებული, ნამდვილად შეძლებს თქვენს დახმარებას.
წიგნი შეიცავს დატესტილ ეფექტურ ტექნიკებს, რომლებიც კოგნიტურ ბიჰევიორისტულ თერაპიაზე (CBT) არის დაფუძნებული და ნამდვილად გამოგადგებათ იმაში, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს გადალახოს ინტენსიური შიში და ღელვა.
წიგნში გაეცნობით:
-
როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილს „დეტექტიური აზროვნების“ გამომუშავებაში ირაციონალური ღელვის გამოსააშკარავებლად
-
რა უნდა გააკეთოთ როცა ბავშვი შეშინებულია
-
როგორ მოახერხოთ ბავშვის შეყვანა რთულ სიტუაციებში ნელ-ნელა და რბილად
-
როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილს მნიშვნელოვანი სოციალური უნარების გამომუშავებაში.
5. უფლება შეგრძნებებზე: ემოციების ენერგიის განბლოკვა რათა ჩვენი შვილები, თავად ჩვენ და მთლიანად საზოგადოება განვითარდეს და გაიფურჩქნოს
ავტორი Marc Brackett
მახსოვს ჩემი აღფრთოვანება როცა ეს წიგნი აღმოვაჩინე ბაშვებისათვის და მშობლებისათვის ემოციური გონიერების კომპეტენციების განმავითარებელ მეთოდებსა და ტექნიკებს რომ ვეძებდი. მარკ ბრაკეტი იელის უნივერსიტეტის პროფესორია და ემოციური გონიერების ცენტრის დირექტორი. ამ წიგნში ის აღწერს 25 წლის მანძილზე მისი, როგორც ემოციების მკვლევარის გამოცდილებას და გვაძლევს ძალიან ეფექტურ სტრატეგიას არა მარტო ბავშვის, არამედ მშობლის ემოციური გონიერების განვითარებისთვისაც.
ავტორის მიდგომის გულისგულში დევს საკუთარი ბავშვობის დროინდელი გამოცდილება, როცა მისი გონიერი ბიძა უფლებას აძლევდა ჰქონოდა და გამოეხატა ის ემოციები რაც ჰქონდა. ეს იყო პირველი ზრდასრული ადამიანი მარკის ცხოვრებაში, ვინც მოახერხა და დაინახა იგი - პატარა ადამიანი, მოესმინა მისთვის და შეემჩნია ტანჯვა, ბულინგი და ძალადობა, რომელიც მან გადაიტანა. სწორედ აქ გააცნობიერა მარკმა, როგორც პატარა ბიჭმა, რომ ის, რაც მის თავს ხდებოდა, დროებითი იყო. რომ ის არ იყო მარტო და არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ თავს გარიყულად, შეშინებულად და გაბრაზებულად გრძნობდა. ამისი გააზრების შემდეგ მას ჰქონდა საშუალება კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა და რაღაც მოემოქმედებინა.
სწორედ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო მარკმა ემოციური გონიერების სფეროს კვლევა. მისი „რეცეპტი“ რომ გვყავდეს ჯანსაღი ბავშვები (და მათი მშობლები, მასწავლებლები და მთლიანად განათლების სისტემა) ჩამოყალიბდა როგორც სისტემა სათაურად RULER (ეს აბრევიატურაა, თუმცა სიტყვად შეკრული ნიშნავს საზომს). სრულიად აღფრთოვანებული დავრჩი როცა ამ სისტემას გავეცანი. იგი საშუალებას იძლევა მოკლე დროში გავუგოთ საკუთარ ემოციებს, დავოსტატდეთ ემოციურ გონიერებაში და ამისთვის უბრალო, მარტივ, ძალიან სწრაფ და მაღალეფექტურ ტექნიკებს იყენებს. ეს სისტემა უკვე დაიტესტა და დაინერგა ბევრ სკოლაში, და შედეგებმა ცხადყო, რომ ხელს უწყობს სტრესისა და „გადაწვის“ (burnout) დაქვეითებას და პრევენციას, აჯანსაღებს ზოგადად სასკოლო კლიმატს და აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას.
მეთოდიკა R.U.L.E.R. ხუთი უნარის განვითარებას ემსახურება:
-
საკუთარ თავში და სხვებში ემოციების დანახვა და დაფიქსირება
-
ემოციების გამომწვევი მიზეზების და შედეგების გააზრება
-
ემოციებისთვის ზუსტი სახელების დარქმევა
-
კონტექსტისა და არსებული კულტურის გათვალისწინებით ემოციების გამოხატვა
-
ემოციების ეფექტური რეგულირება დასახული მიზნებისა და კეთილდღეობის მისაღწევად
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ემოციური გონიერება დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია და რაც უფრო გააზრებულად და ეფექტურად დავეხმარებით ჩვენს ბავშვებს ამ უნარის განვითარებაში, მით უფრო ჯანმრთელები იქნებიან და მეტს მიაღწევენ მომავალში.
---
მეგობრებო, ვინც ხართ უკვე მშობლები - ბედნიერ და წარმატებულ მშობლობას გისურვებთ. მჯერა, რომ მშობლობა ისეთივე უნარია, როგორც უამრავი სხვა, და ციდან არ ვარდება როგორც ყველაფერ სხვას, მასაც სწავლა და განვითარება სჭირდება. ამიტომ იმუშავეთ ამ უნარის განვითარებაზე.
ვინც ჯერ არ ხართ მშობლები - არაჩვეულებრივი საშუალება გაქვთ გააზრებულად და მომზადებულად შეხვიდეთ თქვენი ცხოვრების ამ ახალ და საინტერესო აღმოჩენებით სავსე სამყაროში.
წარმატებები მეგობრებო!!!!!





